ბევრჯერ მიკამათია იმაზე, იყო თუ არა ჰიტლერი კარგი ლიდერი მიუხედავად მისი ბოროტი ზრახვებისა და მომისმენია ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები. პირიქით თუ შევხედავთ ამ საკითხს, რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ კარგი ადამიანი იყოს ცუდი ლიდერი, უბრალოდ ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ სერიოზულად, სანამ ძალიან საინტერესო დოკუმენტურ ფილმს არ ვუყურე ჯიმი კარტერზე.
ჯიმი კარტერი, ამერიკის 39-ე პრეზიდენტი დაიბადა 1924 წელს ჯორჯიის შტატში და იყო ყველანაირი დადებითი თვისებით შემკული ადამიანი (ამ შემთხვევაში წარსულში მოვიხსენიებ) - პატიოსნების განსახიერება, ინტელექტუალი, ღრმად მორწმუნე (ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით, თუკი ასეთი რამის წარმოდგენა საერთოდ არ აღემატება თქვენს შესაძლებლობებს :)). ფილმის პირველ ნაწილში აღწერილია განვლილი გზა თეთრ სახლამდე. ხალხი ძალიან აფასებდა კარტერს მისი ამ თვისებების გამო. აგრეთვე იმის გამოც, რომ კარტერი ძალიან უბრალოდ იქცეოდა და თავისი გუბერნატორობის თუ საპრეზიდენტო კამპანიის დროს უშუალო ურთიერთობა ჰქონდა ამომრჩეველთან, პირადად ხვდებოდა მათ, ესაუბრებოდა ქუჩაში, ხელს ართმევდა. მისი მეუღლე სახლებში სტუმრობდა სრულიად ჩვეულებრივ ადამიანებს. ჯიმი კარტერი მიწისთხილის მეურნეობაში იყო ჩაბმული, ჰყავდა სამაგალითო ოჯახი, იყო ცისფერთვალება და სიმპათიური (გემოვნების ამბავია). ერთი შეხედვით, პრეზიდენტობისთვის იდეალური კანდიდატი იყო და მოიპოვა კიდეც გამარჯვება, თუმცა რა მოხდა შემდეგ? რატომ ითვლება ჯიმი კარტერი ცუდ ლიდერად?
![]() |
ჯიმი კარტერი ოჯახთან ერთად |
ჯიმი კარტერს მემკვიდრეობით ერგო უოტერგეიტის სკანდალის შედეგად დემორალიზებული ქვეყანა (ფორდმა აშკარად ვერ მოახერხა სიტუაციის გამოსწორება). როგორც ფილმის მეორე ნაწილის ერთი გმირი ამბობს, ხალხმა კარტერისგან მიიღო ის მესიჯი, რომელიც სურდა - საპრეზიდენტო კანდიდატი მათ უოტერგეიტის და ვიეტნამის ჭრილობების მოშუშებას დაჰპირდა.
კარტერს ვერავნი დასწამებს, რომ კარგი განზრახვა არ ჰქონია - პირიქით, მაგრამ ის ძალიან გულიბრყვილო იყო როგორც საშინაო, ისე - საგარეო საქმეებში და სამყაროს ვარდისფერი სათვალით უყურებდა. უტრირებული ნათქვამია, მაგრამ ის თავისმა პატიოსნებამ და სიწმინდემ მიიყვანა ცუდ შედეგებამდე. როგორც მისი ყოფილი მრჩეველები იხსენებენ, როდესაც კარტერს რაღაცაზე ეუბნებოდნენ, რომ ეს მისთვის პოლიტიკურად მომგებიანი იქნებოდა, მას ამის გაგონებაც არ სურდა. მათი თქმით, კარტერს კრიზისული სიტუაციის განცდა ოდნავადაც არ ჰქონდა, არადა, არჩევიდან უკვე 9 თვეში მისი მოღვაწეობა ეკონომიკურმა და ენერგო-კრიზისმა გაართულა, თუმცა მთავარი წინ ელოდა - ირანელი ფუნდამენტალისტების მიერ ტყვედ აყვანილი 53 ამერიკელი. სწორედ ამ დროს დაისვა პირველად მწვავედ შეკითხვა, იყო თუ არა კარტერი ძლიერი, კომპეტენტური ლიდერი.
კრიზისი მძიმე იყო - შემცირდა ვაჭრობა, გაიზარდა ინფლაცია და უმუშევრობა, მნიშვნელოვნად გაძვირდა ბენზინპროდუქტები. კარტერი ხალხს სრული სერიოზულობით და ირონიის გარეშე მოუწოდებდა, ჩაეცვათ თბილი სვიტრები, ჩაეწიათ გამათბობლებისთვის და ასე დაეზოგათ ენერგია. ცხადია, ასეთი მოწოდება ხალხს აღიზიანებდა. ამას გარდა, მიუხედავად უამრავი რჩევისა, რომ შორს დაეჭირა თავი ახლო აღმოსავლეთისგან, კარტერი არ ეშვებოდა ამ საქმეს, დიდ დროს ხარჯავდა ამ თემაზე და მიაღწია კიდეც კემპ-დევიდის ხელშეკრულებას. ყველაფერს ეცადა, რომ ეს შეთანხმება შემდგარიყო. კარტერმა აგრეთვე დაამყარა ოფიციალური ურთიერთობები ჩინეთთან და შეხვდა ბრეჟნევსაც.
სანამ პრეზიდენტი გარე-გარე დადიოდა (დაახლოებით ასეა ფილმში ნათქვამი), ხალხი აპროტესტებდა ბენზინის ფასებს და არამარტო. აშშ-ს მოქალაქეებმა დაიწყეს საუბარი, რომ კარტერი ძალიან კარგი, პატიოსანი, სასიამოვნო და რელიგიური ადამიანი იყო, თუმცა ვერ ართმევდა თავს მოვალეობას და როგორც ლიდერს, მას ვეღარ აღიქვამდნენ.
კარტერმა სერიოზულად დაიწყო ფიქრი სიტუაციის გამოსწორებაზე. მას ურჩიეს, ხანგრძლივი სიტყვით მიემართა ხალხისათვის და ბენზინის მაღალი ფასები ეკონომიკური კრიზისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე გადაებრალებინა, თუმცა თავისი პატიოსნებიდან გამომდინარე, კარტერმა ამაზე უარი თქვა.
![]() |
თეირანში ჯიმი კარტერის საფრთხობელას წვავენ |
ლიდერის სახის შესანარჩუნებლად ყველაზე კრიზისულ მომენტში მან კემპ-დევიდის აგარაკზე შეკრიბა პოლიტიკოსები, ფსიქოლოგები და ბიზნესმენები და სთხოვა მათ, როგორც ჩვენში იტყოდნენ, კონსტრუქციული კრიტიკა :) შეკრებილებმა ძირითადი აქცენტი იმაზე გააკეთეს, რომ პრეზიდენტს დეტალებზე დაწვრილმანება უყვარდა. ამის შემდეგ კარტერმა გააკეთა ყველაზე საკამათო მიმართვა, რაც კი მას ოდესმე გაუკეთებია. მან ხალხს განუცხადა, რომ ამერიკისთვის ყველაზე ფუნდამენტური საფრთხე იმ მომენტში იყო არა კონკრეტული რამ, არამედ რაღაც უხილავი - რწმენის კრიზისი. ეს იყო დიდი შეცდომა. როცა ხალხი გასაჭირშია და შენგან ხსნას მოელის, მას არ უნდა უთხრა: ”ჰეი, იცით, პრობლემა თქვენშია!”. ხალხს სრულიად ლოგიკურად დაებადა საპირისპირო ეჭვი - ”იქნებ პრობლემა თეთრ სახლშია?”.
ამ ყველაფერს თან სხვა უიღბლობებიც დაერთო. კარტერი მარათონის დროს წაიქცა - ეს სისუსტის ნიშნად მიიჩნიეს. ის კარიკატურების და ხუმრობების პერსონაჟადაც გადაიქცა. მისი ძმა კორუფციულ გარიგებაში გამოიჭირეს.
პარალელურად მიმდინარეობდა რევოლუცია ირანში, აიათოლა ჰომეინი სათავეში მოსასვლელად იბრძოდა. ამერიკელ მძევლებს კვლავ არ უშვებდნენ, წვავდნენ ამერიკის დროშებს, კარტერის სურათებს. კარტერს არ სურდა სისხლისღვრა და სამხედრო ოპერაციები, თუმცა როდესაც უკვე ყველაფერი სცადეს ტყვეების მშვიდობიანად გამოსახსნელად, მან დაასკვნა, რომ მხოლოდ დიპლომატიას ვეღარ დაეყრდნობოდა და გადაწყვიტა მოქმედება. დაიგეგმა ძალიან სარისკო ოპერაცია - უდაბნო 1, რომელის სრული კრახით დასრულდა. ამასობაში კვლავ დაიძაბა თითქოს მოგვარებული ურთიერთობები აშშ-სა და სსრკ-ს შორის.
ამ ყველაფერის შედეგი ის იყო, რომ მომდევნო არჩევნებზე დემოკრატებმა 28 წლის მანძილზე პირველად წააგეს. ჯიმი კარტერმა მხოლოდ 6 შტატში მოიგო და დამარცხდა რონალდ რეიგანთან, რომელიც ამერიკის (და არამარტო) ერთ-ერთ საუკეთესო ლიდერად ითვლება.
პრეზიდენტ კარტერს ჰქონდა მრავალი შესანიშნავი, ასევე - მრავალი მისი საქმიანობისთვის ხელისშემშლელი თვისება, როგორც ნებისმიერ ადამიანს აქვს სხვადასხვა დოზით. ამას გარდა, მისი საპრეზიდენტო ვადა მართლაც რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პერუიდს დაემთხვა, თუმცა იყო ქვეყნის პრეზიდენტი, განსაკუთრებით კი ისეთი სუპერსახელმწიფოს პრეზიდენტი, როგორიც აშშ-ა, უპირველეს ყოვლისა მოითხოვს ლიდერობის უნარს და სწორედ ასეთ დაძაბულ სიტუაციაში ეფექტიანი რეაგირების და მოქმედების უნარს. აქ მთავარია შედეგები, ხოლო კარტერის ადმინისტრაციის საქმიანობის შედეგები აშკარაა; ანდაც, შეიძლება ვთქვათ, რომ უშედეგობა - როგორც ერთ დროს ხუმრობდნენ, ”რას ერჩით პრეზიდენტ კარტერს, მას ხომ არაფერი გაუკეთებია?”