Sunday, October 23, 2011

Riga

ვიცოდი, რომ ან საერთოდ აღარ დავწერდი პოსტს, ან  – დიდი ხნის დაგვიანებით.  ბევრი აზრი მიტრიალებს თავში, მაგრამ პოსტის კონდინციამდე არ მიმყავს.
ამჯერად რიგაზე ვაპირებ წერას. რიგაში ყველაზე მეტჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ ყველაზე ნაკლები დრო მაქვს გატარებული, იმიტომ რომ სატრანზიტო ფუნქციას ასრულებს :)) ასე გავლით ვიყავი უკვე 8–ჯერ და ყოველ ჯერზე  ემატებოდა რაღაც, საბოლოო ჯამში კი გამოვიდა, რომ მომწონს იქაურობა. ჩემთვის საინტერესო რამოდენიმე თემასა და ადგილზე ვისაუბრებ და ფოტოებს დავურთავ.

ქალაქის შესახებ

ე.წ. ძველი რიგა
რიგა 1201 წელს დაარსდა, ანუ მაშინ, როდესაც გერმანელებმა (არა დღევანდელმა გერმანელებმა, არამედ ძველმა გერმანიკულმა ხალხებმა) ბალტიისპირელი წარმართების გაქრისტიანება განიზრახეს დაპყრობის მეშვეობით. ეპისკოპოსმა ალბეტრმა დღევანდელი რიგის ტერიტორიაზე ციხე–სიმაგრის აშენება განიზრახა, რათა ახალ სარწმუნოებაზე მოქცეულ ხალხთან ახლოს ყოფილიყო (თანაც სტრატეგიული მნიშვნელობის პორტიც ახლოს იყო). ბოლო 8 საუკუნის განმავლობაში რიგა ბალტიისპირეთის ფინანსურ და სავაჭრო ცენტრად ითვლებოდა და ასეთი გამოთქმაც არსებობდა, ვინც რიგას აკონტროლებს, ბალტიისპირეთიც მისიაო. 

პაგანური ფესვები

ყველაზე დიდი ხე ლატვიაში
მიუხედავად იმისა, რომ ლატვიელების უმრავლესობა ლუთერანია, არის მათში შემორჩენილი რაღაც წარმართული. ისინი განსაკუთრებით მოწიწებით ეპყრობიან ხეებს, განსაკუთრებით მუხის ხეს (რაც უფრო დიდია, მით უკეთესი). 4 მეტრზე მაღალი მუხები ოფიციალურადაა დარეგისტრირებული და აღნუსხული. უყვართ არყის ხეებიც და მისი სიროპის დალევა ტრადიციადაა ქცეული გაზაფხულობით. 


მილდა

მილდა, ე.წ. ლატვიის დედა (როგორც შევარქვი ქართლის დედის მიხედვით) 1935 წელს დაიდგა ქალაქის ცენტრში. ის სასწაულით გადაურჩა ნაცისტურ და საბჭოთა ოკუპაციებს. ქანდაკებას 3 ვარსკვლავი უჭირავს, რომლებიც ლატვიის ისტორიულ რეგიონებს აღნიშნავს: ვიძემე, ლატგალია და კურზემე. საბჭოთა დროს მილდა ტურისტულ აგენტად მოიაზრებოდა: საკმარისი იყო მის ფეხებთან ყვავილები დაგეწყო და უფასო საგზური ციმბირში გარანტირებული გქონდა.

ცენტრალური ბაზარი
ვაგზლის უკან  ერთი ძალიან საინტერესო ადგილია. ალბათ ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო ბაზარი მთელს აღმოსავლეთ ევროპაში. აქ ყველაფერს იშოვით, დაწყებული ჩვეულებრივი ღორის ხორციდან და ყველიდან, დამთავრებული შებოლილით, უმით, აყროლებულით და გაფუჭებულით, ყველაფერი აქვთ! ვეგეტარიანელებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, ქილაში მოთავსებული ერთი შეხედვით უწყინარი მწნილიც შეიძლება ერთ დროს რაღაც ცოცხალი იყო და სუნთქავდა.  3–კბილიანი რუსი ბაბუშკებისგან შეგიძლიათ შეიძინოთ ნადვილი Grucci, Niiike,  Add-a-d-das, აგრეთვე კუბოს ზომის "კლეჩატი" ჩანთები,  ვაგზალზე და ლილოში რომ იყიდება.
მოკლედ, ეს ბაზარი ნამდვილი must-see–ა.
p.s. ისე, ჩემი მეზობელი ამ ბაზარში სამტრედიელ მემწვანილეებს გადააწყდა ერთხელ.


ბოქლომებიანი ხიდი 

(c) Ileancik
ბალტიისპირეთში მოდაშია ქორწილის დღეს ხიდზე ბოქლომის დამაგრება მომავალი ოჯახური სიმყარის ნიშნად. ლატვიელები ირწმუნებიან, ჩვენი მოგონილია ეს ტრადიციაო, მაგრამ რას გაიგებ. ფაქტია, რომ ვისი მოგონილიც არ უნდა იყოს, განქორწინებების რიცხვი ლიტვაშიც, ლატვიაშიც და ესტონეთშიც წლიდან წლამდე იზრდება. რიგაშიც არის ერთი ასეთი პატარა ხიდი, რომელიც უკვე საკმაოდ დამძიმებულია ბოქლომებით და მაინტერესებს, რამდენ ხანს გაუძლებს :P






Lido
ტურისტულ რუკებზე,  ბროშურებზე თუ საიტებზე ყოველთვის არის პუნქტი: where to eat? ჩემი პასუხი ერთი სიტყვაა: ლიდო!  მრავალფეროვანი, გემრიელი საჭმელი, ხის ინტერიერი და ზოგადად ლატვიაში არსებულ ცეცხლის ფასებთან შედარებით სიიაფე. მოკლედ, თუ მოხვდებით რიგაში, აუცილებლად შეიჭყიტეთ ლიდოში. მაგრად მეზარება წერა და აქ დავამთავრებ :D :D




პ.ს. დიდი მადლობა მისტერ გორდონსკის :P

Friday, September 23, 2011

Fortællingen om Viga-Ljot og Vigdis

პირველ პოსტში უკვე გავუსვი ხაზი ჩემს სიზარმაცეს, რომელმაც ახლაც იჩინა თავი, როდესაც მეორე პოსტის განთავსება გადავწყვიტე. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც იდეები მქონდა, გადავწყვიტე დიდად არ შემეწუხებინა თავი და ამიტომაც ვდებ ერთი წიგნის მიმოხილვას, რომელიც რამოდენიმე თვის წინ დავწერე. 

სიგრიდ უნსეტის "ვიკინგები" დათა გულისაშვილმა მაჩუქა მას შემდეგ, რაც მის გუნდს უნივერსიტეტის "ჯეოპარდიში" დავეხმარე (ვცადე მაინც :)) და მესამე ადგილზე გასვლისათვის პარნასის სასაჩუქრე ბარათი გადასცეს. მეორად სპეციალობად სკანდინავისტიკა მაქვს არჩეული, რომლის ფარგლებშიც გარდა სკანდინავიური ენებისა, ძველი გერმანიკული ხალხების ისტორიას და წეს-ჩვეულებებსაც ვეცნობი, ამიტომაც ამ წიგნმა განსაკუთრებით დამაინტერესა და გადავწყვიტე მის შესახებ რამე დამეწერა. ორიგინალი ბლოგის ფორმატისთვის საკმაოდ დიდია, ამიტომაც გთავაზობთ შემოკლებულ ვერსიას.

ნორვეგიელ  ნოველისტს, Gნობელიანტ სიგრიდ უნსეტს (1882-1949) ეკუთვნის 36 წიგნი. ვიგა-ლიოტისა და ვიგდისის ამბავი, როგორც მას ეწოდება ნორვეგიულად,  ქართულ თარგმანში – “ვიკინგები” ხოლო ინგლისურად  - "Gunnar's Daughter", პირველად გამოიცა 1909 წელს. ეს იყო უნსეტის პირველი ისტორიული ნოველა. ვიკინგები” X-XI საუკუნეების ნორვეგიისა და ისლანდიის ცხოვრების ამსახველი ისტორიული რომანია, რომელიც უძველესი ისლანდიური საგების სტილით ტრაგიკული სიყვარულისა და შურისძიების შემზარავ ამბავს მოგვითხრობს." - ასეა მითითებული ამ წიგნის ქართული გამოცემის უკანა ყდაზე.

 ნოველა იკითხება საკმაოდ ადვილად, მაგრამ ამას  ამძიმებს რიგ სიუჟეტებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები. მიუხედავად იმისა, რომ “ვიკინგებში” აღწერილია სასიყვარულო ამბავი, ეს არ არის კლასიკური ტიპის რომანი. მისი ძირითადი ელემენტებია შურისძიება, გაუპატიურება, ძალადობა საზოგადოებასა თუ ოჯახში, სირთულეებით აღსავსე ქორწინება და ცხოვრება. როგორც სიგრიდ უნსეტმა თავის ერთ-ერთ მეგობარს მისწერა ამ ნოველაზე მუშაობის პროცესში, მას სურდა იმ სამყაროს ახლიდან შექმნა, რომელიც მან აღმოაჩინა ისლანდიურ საგებში, მაგრამ ამასთანავე სურდა აღეწერა ეს ყველაფერი რეალისტურად. 

მოქმედება მიმდინარეობს ერთის მხრივ, ძალადობითა და სისასტიკით აღსავსე პერიოდში, მეორეს მხრივ კი ესაა ეპოქა, როდესაც ნორვეგია თავისუფლდება წარმართობისგან და ქრისტიანობა ნელ-ნელა იმკვიდრებს ადგილს ყოველდღიურ ცხოვრებაში.  მთავარი პერსონაჟები არიან ვიგდის გუნარსდატერი და ვიგა-ლიოტ გისურსენი.  ვიგდისი,  ჭკვიანი და ქედმაღალი ქალიშვილი მოხიბლულია ვიგა-ლიოტით და ვაჟიც არ არის გულგრილი მის მიმართ. ლიოტი ისეთი რაინდი არ აღმოჩნდება, როგორზეცად ნოველის მთავარი გმირის მსგავსი გოგო შეიძლება ოცნებობდეს და ტყეში აუპატიურებს ვიგდისს. ამ მომენტიდან შურისძიების წყურვილი და სისასტიკე ახალგაზრდა ქალის ცხოვრების თანამდევი ხდება. 


“ვიკინგები” ასახავს იმ თემებს, რომლებიც პოპულარული იყო შუა საუკუნეებში, საგების ეპოქაში, ზოგიერთი მათგანი კი აქტუალური იყო უნსეტის დროსაც და აქტუალურია დღესდღეობითაც. შევეცდები გამოვყო ჩემთვის საინტერესო რამოდენიმე თემა.  მათგან ყველაზე თვალში საცემია შურისძიება, სისხლის აღება, რომელიც გერმანიკული ხალხებისათვის უძველესი დროიდანვე ჩვეულებრივი საქმე  იყო. ძველი გერმანიკული საზოგადოება საკმაოდ მებრძოლი, გამბედავი და თავმოყვარე ხალხისაგან შედგებოდა. ტევტონებს ვენდეტა ხშირად ლამის ცხოვრების აზრად ექცეოდათ ხოლმე, რამდენადაც თავს შეურაცხყოფილად ან დამცირებულად გრძნობდნენ, სანამ ახლობლის ან ნათესავისათვის სისხლს არ აიღებდნენ. როგორც წესი, შურისძიება მამაკაცის მოვალეობა იყო  და თუ არ არსებობდა მამაკაცი მემკვიდრე, ამ შემთხვევაში ქალს ენიჭებოდა უფლება, თავის თავზე აეღო ამ “წესის” აღსრულება. იმდროინდელი სკანდინავიელი ქალები ფიზიკურადაც და მორალურადაც მზად იყვნენ იმისათვის, რომ შეიძლებოდა ერთ დღეს მათი სატრფო მოეკლათ და კარგად იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში შეიძლებოდა სწორედ მათ აეღოთ დაღუპულის სისხლი. ვიგდისიც შუა საუკუნეების ვიკინგი ქალია. ნოველაში საინტერესო ეპიზოდია, თუ რა სიამოვნებით კლავს ის მამამისის შეურაცხმყოფელს. სამჯერ ჩასცემს მას დანას, ბოლო დარტყმისას კი ტარს ხელს უშვებს, დანას ჭრილობიდან არ იღებს და უყურებს, თუ როგორ კვდება ეიოლვი. შემდეგ ხელებს ამოავლებს სისხლში და მოკლულის თმას შეაწმენდს. შინ დაბრუნებული მომაკვდავ მამას აუწყებს, რაც ჩაიდინა. მამა უწონებს საქციელს და ეუბნება, რომ ის ისეთი მამაცი და კეთილშობილი ქალი დადგა, როგორიც მას სურდა ყოფილიყო. ეს ჭეშმარიტი ვიკინგური სისასტიკის ცხადი მაგალითია.

საინტერესო თემაა აგრეთვე სექსუალური ძალადობა და მისი შედეგები. ეს თემა იმ კუთხით, როგორც წარმოჩენილი აქვს უნსეტს, თანამედროვე ცხოვრებაშიც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვიგდისსა და ლიოტს თავიდანვე მოსწონდათ ერთმანეთი, შესაძლოა ლიოტის ქმედება არც ჩაგვეთვალა კრიმინალად, თუმცა, როგორც ჩანს, უნსეტს ესმის, თუ რა მტკივნეულია ქალისათვის, როდესაც მასზე ახორციელებენ ძალადობას, მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება უყვარდეს კიდეც თავდამსხმელი. ლიოტის ქმედებას მოჰყვება ნაძალადევად ჩასახული ბავშვი. მძიმედ არის აღწერილი ბავშვის დაბადება. ვიგდისი მას მარტოდმარტო ტოვებს მინდორში, ქვებს შორის და ის მოსამსახურე ქალის გულისხმიერების შედეგად გადარჩება.  ახალშობილის სასიკვდილოდ მიტოვება არ იყო იშვიათი მოვლენა და არ ითვლებოდა ცუდ ქმედებად (თუმცა აბორტი გათანაბრებული იყო უმძიმეს დანაშაულთან). მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ჩვილის ბედის ანაბარად მიგდება საკმაოდ გავრცელებული იყო, ვიგდისის სასოწარკვეთილება ბავშვის დაბადების მომენტში დღესაც პოულობს გამოძახილს, როდესაც ჩვენ ახალი ამბების გამოშვებაში ხშირად გვესმის მიტოვებული და სანაგვეზე გადაგდებული ბავშვების შესახებ.

საინტერესოა ძლიერი ქალის სახე “ვიკინგებში” (ტრაფარეტულად ჟღერს, არა? :D მაგალითად, ”ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანში”) ვიგდისი გულადი და ჭკვიანი ქალია, რომელსაც გასაჭირი აწრთობს. ის მარტო ზრდის ბავშვს და იცავს თავის ავტონომიას სამყაროში, რომელსაც კაცები მართავენ. ის მარტოდმარტო ახერხებს თავისი ცხოვრების წარმართვას, აღადგენს თავისი ოჯახის ღირსებას და ეს ყველაფერი ხდება მე-10-მე-11 საუკუნეებში. ვიგდისის პერსონაჟი შეურაცხყოფის შედეგად ფორმირდება. წიგნში ჩვენ თვალს ვადევნებთ მის ცხოვრებას, რომელიც არეულ-დარეული და არც ისე ბედნიერია, თუმცა ვიგდისი არ არის საცოდავი. უნსეტი საკმაოდ კარგად გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება  მსხვერპლი თავად იქცეს ცოდვილად.

ქრისტიანული რწმენა ძალიან მნიშვნელოვან ხაზად გასდევს ამ ნაწარმოებს. როგორც სიუჟეტიდან იკვეთება, იმ პერიოდში ქრისტიანობას ჯერ კიდევ არ აქვს ფეხი კარგად მოკიდებული ნორვეგიაში და წარმართული საწყისები ისევ არის ხალხში შემორჩენილი.  მთავარი პერსონაჟები მონათლულნი არიან ქრისტიანულად, თუმცა ეს ხდება არა მათი რწმენის გამო, არამედ – სხვა, კონკრეტული მიზნით, მაგალითად მეფის ნდობის მოსაპოვებლად, როგორც ეს გააკეთა ვიგდისმა. მიუხედავად იმისა, რომ ვიგდისი გაქრისტიანდა და მკაცრად იცავს ქრისტიანულ წესებს, გამომდინარე მისი ცხოვრებიდან და სურვილებიდან, აშკარაა, რომ მისი სული ისევ წარმართულ სამყაროს ეკუთვნის და ის შორსაა ქრისტიანული მიმტევებლობისაგან.
ნოველის სიუჟეტის ნაწილი ისლანდიაში ვითარდება. აქ გაკვრითაა ნახსენები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ალთინგის ინსტიტუტი. ჯერ კიდევ ტაციტუსი წერდა იმის შესახებ, რომ გერმანიკულ ხალხებს ჰქონდათ სახალხო თავყრილობები, რომელთაც ისინი თინგებს უწოდებდნენ და რომლებზედაც მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხებს განიხილავდნენ ხოლმე. ისლანდიაში დასახლებულ სკანდინავიელ კოლონისტებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ჰქონდათ ადგილობრივი თინგები, ხოლო 930 წელს მათ დააარსეს საყოველთაო თინგი, ანუ ალთინგი, რომელიც ევროპის უძველეს პარლამენტად ითვლება. ალთინგზე განიხილებოდა სხვადასხვა საკითხები, რომელთაც ადგილობრივ თინგებზე ვერ წყვეტდნენ. ხშირად ეს იყო ქონებრივი დავა, ან რაიმე მატერიალური თუ მორალური ზარალის ანაზრაურების მოთხოვნის შემცველი სარჩელი.  “ვიკინგებში” ვიგა-ლიოტი მიეშურება ალთინგზე, სადაც გარკვეული დავა აქვს გადასაწყვეტი და როგორც ჩანს, ამ ინსტიტუტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისლანდიელი ვიკინგების ცხოვრებაში. 

ნოველაში სხვა მრავალი საინტერესო წვრილმანია. მაგალითად, ტოპონიმები, ნახსენებია სოფელი ოსლო, ტრონჰაიმი, ფოლდენის ფიორდი, აგრეთვე სხვადასხვა მდინარეები და გეოგრაფიული პუნქტები. 

საერთო ჯამში,“ვიკინგები” საინტერესოა მრავალი კუთხით. ერთის მხრივ, საინტერესოა განვითარებული სიუჟეტი, მეორეს მხრივ კი – თხრობის ფორმა. ძირითად თემებს შორის ვხვდებით მნიშვნელოვან დეტალებს, რომელთაც შეიძლება უცებ ყურადღება არც მივაქციოთ, თუმცა შემდგომი წაკითხვის დროს უამრავი სიახლის აღმოჩენა შეიძლება. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის წიგნი, რომლის წაკითხვაც ღირს, მით უმეტეს იმ ადამიანისთვის, ვინც სწავლობს ან უბრალოდ დაინტერესებულია სკანდინავიური ფილოლოგიით.

 P.S. შემოკლებული ვერსიაც საკმაოდ დიდი გამოვიდა და ეჭვი მეპარება, ვინმემ თავიდან ბოლომდე წაიკითხოს, მაგრამ პირველ ჯერზე მეპატიება ;D
p.p.s. გამოყენებული ლიტერატურა: სინტია გრენერის სტატია.

Wednesday, September 21, 2011

"ბლოგი" ჩემთვის

ბლოგის სახელზე დიდი ხანი ვიფიქრე, რაც თავში მომივიდა, ყველაფერი დაკავებული იყო. ერთსიტყვიანი სახელი მინდოდა, ოღონდ ისეთი, რაც რამეს ნიშნავს ჩემთვის და 1000 მცდელობის შემდეგ rawbau-ზე შევჩერდი. ვერ ვიტყვი, რომ rawbau-ში რამე ღრმა აზრი დევს, არც ისე ცნობილი ხორვატიული ჯგუფია, მაგრამ მოკლეა და თან მათი ერთი სიმღერა მომწონს (ხორვატიის ნაკრების წარმატებებს ეხება და გიტარაზე სლავენ ბილიჩი უკრავს :)).
ბლოგერობაზე საერთოდ არ მაქვს პრეტენზია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ დაწყებული საქმის შუა გზაზე მიგდება ჩემი ჰობია და შეიძლება ეს პოსტი პირველთან ერთად უკანასკნელიც აღმოჩნდეს. მეორეც, არ ვთვლი, რომ ბლოგის სტილში კარგად შემიძლია წერა. შემიძლია კარგად ვწერო საკონფერენციო თემები, ანალიტიკური ესეები პოლიტიკურ საკითხებზე, ე.წ. "ფეიფერები", მაგრამ არა ბლოგის პოსტები.  ამიტომაც ეს ბლოგი კი არა, ბლოგის ბიძაშვილია :D ფიქციაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ჩემი მხრიდან სიყალბის აპოთეოზი იქნება, მოთხრობების და ლექსების წერას თუ დავიწყებ და მითუმეტეს, აქ თუ განვათავსებ.
ბლოგი მაინცდამაინც იმისთვის არ მინდა, რომ ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს ჩემი პოსტები. საერთოდ არავინ რომ არ შემოვიდეს, არც მაგაზე მექნება პრობლემა. უბრალოდ, ჩემი აზრების გადმოცემა და მოგვიანებით წაკითხვა მიყვარს.  ამ მიზნით ზოგჯერ ე.წ. "დღიურს" ვიყენებდი, მაგრამ ხშირად მისი ჩანთიდან ამოღებაც მეზარება, წერაზე რომ არაფერი ვთქვა, თან ბლოგი ვიზუალური მასალის ჩამატების საშუალებას იძლევა. 
მოვრჩი მგონი ახსნა-განმარტებებს :D  :D