პირველ პოსტში უკვე გავუსვი ხაზი ჩემს სიზარმაცეს, რომელმაც ახლაც იჩინა თავი, როდესაც მეორე პოსტის განთავსება გადავწყვიტე. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც იდეები მქონდა, გადავწყვიტე დიდად არ შემეწუხებინა თავი და ამიტომაც ვდებ ერთი წიგნის მიმოხილვას, რომელიც რამოდენიმე თვის წინ დავწერე.
სიგრიდ უნსეტის "ვიკინგები" დათა გულისაშვილმა მაჩუქა მას შემდეგ, რაც მის გუნდს უნივერსიტეტის "ჯეოპარდიში" დავეხმარე (ვცადე მაინც :)) და მესამე ადგილზე გასვლისათვის პარნასის სასაჩუქრე ბარათი გადასცეს. მეორად სპეციალობად სკანდინავისტიკა მაქვს არჩეული, რომლის ფარგლებშიც გარდა სკანდინავიური ენებისა, ძველი გერმანიკული ხალხების ისტორიას და წეს-ჩვეულებებსაც ვეცნობი, ამიტომაც ამ წიგნმა განსაკუთრებით დამაინტერესა და გადავწყვიტე მის შესახებ რამე დამეწერა. ორიგინალი ბლოგის ფორმატისთვის საკმაოდ დიდია, ამიტომაც გთავაზობთ შემოკლებულ ვერსიას.
ნორვეგიელ ნოველისტს, Gნობელიანტ სიგრიდ უნსეტს (1882-1949) ეკუთვნის 36 წიგნი. ვიგა-ლიოტისა და ვიგდისის ამბავი, როგორც მას ეწოდება ნორვეგიულად, ქართულ თარგმანში – “ვიკინგები” ხოლო ინგლისურად - "Gunnar's Daughter", პირველად გამოიცა 1909 წელს. ეს იყო უნსეტის პირველი ისტორიული ნოველა. “ვიკინგები” X-XI საუკუნეების ნორვეგიისა და ისლანდიის ცხოვრების ამსახველი ისტორიული რომანია, რომელიც უძველესი ისლანდიური საგების სტილით ტრაგიკული სიყვარულისა და შურისძიების შემზარავ ამბავს მოგვითხრობს." - ასეა მითითებული ამ წიგნის ქართული გამოცემის უკანა ყდაზე.
ნოველა იკითხება საკმაოდ ადვილად, მაგრამ ამას ამძიმებს რიგ სიუჟეტებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები. მიუხედავად იმისა, რომ “ვიკინგებში” აღწერილია სასიყვარულო ამბავი, ეს არ არის კლასიკური ტიპის რომანი. მისი ძირითადი ელემენტებია შურისძიება, გაუპატიურება, ძალადობა საზოგადოებასა თუ ოჯახში, სირთულეებით აღსავსე ქორწინება და ცხოვრება. როგორც სიგრიდ უნსეტმა თავის ერთ-ერთ მეგობარს მისწერა ამ ნოველაზე მუშაობის პროცესში, მას სურდა იმ სამყაროს ახლიდან შექმნა, რომელიც მან აღმოაჩინა ისლანდიურ საგებში, მაგრამ ამასთანავე სურდა აღეწერა ეს ყველაფერი რეალისტურად.
მოქმედება მიმდინარეობს ერთის მხრივ, ძალადობითა და სისასტიკით აღსავსე პერიოდში, მეორეს მხრივ კი ესაა ეპოქა, როდესაც ნორვეგია თავისუფლდება წარმართობისგან და ქრისტიანობა ნელ-ნელა იმკვიდრებს ადგილს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მთავარი პერსონაჟები არიან ვიგდის გუნარსდატერი და ვიგა-ლიოტ გისურსენი. ვიგდისი, ჭკვიანი და ქედმაღალი ქალიშვილი მოხიბლულია ვიგა-ლიოტით და ვაჟიც არ არის გულგრილი მის მიმართ. ლიოტი ისეთი რაინდი არ აღმოჩნდება, როგორზეცად ნოველის მთავარი გმირის მსგავსი გოგო შეიძლება ოცნებობდეს და ტყეში აუპატიურებს ვიგდისს. ამ მომენტიდან შურისძიების წყურვილი და სისასტიკე ახალგაზრდა ქალის ცხოვრების თანამდევი ხდება.

“ვიკინგები” ასახავს იმ თემებს, რომლებიც პოპულარული იყო შუა საუკუნეებში, საგების ეპოქაში, ზოგიერთი მათგანი კი აქტუალური იყო უნსეტის დროსაც და აქტუალურია დღესდღეობითაც. შევეცდები გამოვყო ჩემთვის საინტერესო რამოდენიმე თემა. მათგან ყველაზე თვალში საცემია შურისძიება, სისხლის აღება, რომელიც გერმანიკული ხალხებისათვის უძველესი დროიდანვე ჩვეულებრივი საქმე იყო. ძველი გერმანიკული საზოგადოება საკმაოდ მებრძოლი, გამბედავი და თავმოყვარე ხალხისაგან შედგებოდა. ტევტონებს ვენდეტა ხშირად ლამის ცხოვრების აზრად ექცეოდათ ხოლმე, რამდენადაც თავს შეურაცხყოფილად ან დამცირებულად გრძნობდნენ, სანამ ახლობლის ან ნათესავისათვის სისხლს არ აიღებდნენ. როგორც წესი, შურისძიება მამაკაცის მოვალეობა იყო და თუ არ არსებობდა მამაკაცი მემკვიდრე, ამ შემთხვევაში ქალს ენიჭებოდა უფლება, თავის თავზე აეღო ამ “წესის” აღსრულება. იმდროინდელი სკანდინავიელი ქალები ფიზიკურადაც და მორალურადაც მზად იყვნენ იმისათვის, რომ შეიძლებოდა ერთ დღეს მათი სატრფო მოეკლათ და კარგად იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში შეიძლებოდა სწორედ მათ აეღოთ დაღუპულის სისხლი. ვიგდისიც შუა საუკუნეების ვიკინგი ქალია. ნოველაში საინტერესო ეპიზოდია, თუ რა სიამოვნებით კლავს ის მამამისის შეურაცხმყოფელს. სამჯერ ჩასცემს მას დანას, ბოლო დარტყმისას კი ტარს ხელს უშვებს, დანას ჭრილობიდან არ იღებს და უყურებს, თუ როგორ კვდება ეიოლვი. შემდეგ ხელებს ამოავლებს სისხლში და მოკლულის თმას შეაწმენდს. შინ დაბრუნებული მომაკვდავ მამას აუწყებს, რაც ჩაიდინა. მამა უწონებს საქციელს და ეუბნება, რომ ის ისეთი მამაცი და კეთილშობილი ქალი დადგა, როგორიც მას სურდა ყოფილიყო. ეს ჭეშმარიტი ვიკინგური სისასტიკის ცხადი მაგალითია.
საინტერესო თემაა აგრეთვე სექსუალური ძალადობა და მისი შედეგები. ეს თემა იმ კუთხით, როგორც წარმოჩენილი აქვს უნსეტს, თანამედროვე ცხოვრებაშიც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვიგდისსა და ლიოტს თავიდანვე მოსწონდათ ერთმანეთი, შესაძლოა ლიოტის ქმედება არც ჩაგვეთვალა კრიმინალად, თუმცა, როგორც ჩანს, უნსეტს ესმის, თუ რა მტკივნეულია ქალისათვის, როდესაც მასზე ახორციელებენ ძალადობას, მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება უყვარდეს კიდეც თავდამსხმელი. ლიოტის ქმედებას მოჰყვება ნაძალადევად ჩასახული ბავშვი. მძიმედ არის აღწერილი ბავშვის დაბადება. ვიგდისი მას მარტოდმარტო ტოვებს მინდორში, ქვებს შორის და ის მოსამსახურე ქალის გულისხმიერების შედეგად გადარჩება. ახალშობილის სასიკვდილოდ მიტოვება არ იყო იშვიათი მოვლენა და არ ითვლებოდა ცუდ ქმედებად (თუმცა აბორტი გათანაბრებული იყო უმძიმეს დანაშაულთან). მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ჩვილის ბედის ანაბარად მიგდება საკმაოდ გავრცელებული იყო, ვიგდისის სასოწარკვეთილება ბავშვის დაბადების მომენტში დღესაც პოულობს გამოძახილს, როდესაც ჩვენ ახალი ამბების გამოშვებაში ხშირად გვესმის მიტოვებული და სანაგვეზე გადაგდებული ბავშვების შესახებ.
საინტერესოა ძლიერი ქალის სახე “ვიკინგებში” (ტრაფარეტულად ჟღერს, არა? :D მაგალითად, ”ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანში”) ვიგდისი გულადი და ჭკვიანი ქალია, რომელსაც გასაჭირი აწრთობს. ის მარტო ზრდის ბავშვს და იცავს თავის ავტონომიას სამყაროში, რომელსაც კაცები მართავენ. ის მარტოდმარტო ახერხებს თავისი ცხოვრების წარმართვას, აღადგენს თავისი ოჯახის ღირსებას და ეს ყველაფერი ხდება მე-10-მე-11 საუკუნეებში. ვიგდისის პერსონაჟი შეურაცხყოფის შედეგად ფორმირდება. წიგნში ჩვენ თვალს ვადევნებთ მის ცხოვრებას, რომელიც არეულ-დარეული და არც ისე ბედნიერია, თუმცა ვიგდისი არ არის საცოდავი. უნსეტი საკმაოდ კარგად გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მსხვერპლი თავად იქცეს ცოდვილად.
ქრისტიანული რწმენა ძალიან მნიშვნელოვან ხაზად გასდევს ამ ნაწარმოებს. როგორც სიუჟეტიდან იკვეთება, იმ პერიოდში ქრისტიანობას ჯერ კიდევ არ აქვს ფეხი კარგად მოკიდებული ნორვეგიაში და წარმართული საწყისები ისევ არის ხალხში შემორჩენილი. მთავარი პერსონაჟები მონათლულნი არიან ქრისტიანულად, თუმცა ეს ხდება არა მათი რწმენის გამო, არამედ – სხვა, კონკრეტული მიზნით, მაგალითად მეფის ნდობის მოსაპოვებლად, როგორც ეს გააკეთა ვიგდისმა. მიუხედავად იმისა, რომ ვიგდისი გაქრისტიანდა და მკაცრად იცავს ქრისტიანულ წესებს, გამომდინარე მისი ცხოვრებიდან და სურვილებიდან, აშკარაა, რომ მისი სული ისევ წარმართულ სამყაროს ეკუთვნის და ის შორსაა ქრისტიანული მიმტევებლობისაგან.
ნოველის სიუჟეტის ნაწილი ისლანდიაში ვითარდება. აქ გაკვრითაა ნახსენები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ალთინგის ინსტიტუტი. ჯერ კიდევ ტაციტუსი წერდა იმის შესახებ, რომ გერმანიკულ ხალხებს ჰქონდათ სახალხო თავყრილობები, რომელთაც ისინი თინგებს უწოდებდნენ და რომლებზედაც მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხებს განიხილავდნენ ხოლმე. ისლანდიაში დასახლებულ სკანდინავიელ კოლონისტებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ჰქონდათ ადგილობრივი თინგები, ხოლო 930 წელს მათ დააარსეს საყოველთაო თინგი, ანუ ალთინგი, რომელიც ევროპის უძველეს პარლამენტად ითვლება. ალთინგზე განიხილებოდა სხვადასხვა საკითხები, რომელთაც ადგილობრივ თინგებზე ვერ წყვეტდნენ. ხშირად ეს იყო ქონებრივი დავა, ან რაიმე მატერიალური თუ მორალური ზარალის ანაზრაურების მოთხოვნის შემცველი სარჩელი. “ვიკინგებში” ვიგა-ლიოტი მიეშურება ალთინგზე, სადაც გარკვეული დავა აქვს გადასაწყვეტი და როგორც ჩანს, ამ ინსტიტუტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისლანდიელი ვიკინგების ცხოვრებაში.

ნოველაში სხვა მრავალი საინტერესო წვრილმანია. მაგალითად, ტოპონიმები, ნახსენებია სოფელი ოსლო, ტრონჰაიმი, ფოლდენის ფიორდი, აგრეთვე სხვადასხვა მდინარეები და გეოგრაფიული პუნქტები.
საერთო ჯამში,“ვიკინგები” საინტერესოა მრავალი კუთხით. ერთის მხრივ, საინტერესოა განვითარებული სიუჟეტი, მეორეს მხრივ კი – თხრობის ფორმა. ძირითად თემებს შორის ვხვდებით მნიშვნელოვან დეტალებს, რომელთაც შეიძლება უცებ ყურადღება არც მივაქციოთ, თუმცა შემდგომი წაკითხვის დროს უამრავი სიახლის აღმოჩენა შეიძლება. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის წიგნი, რომლის წაკითხვაც ღირს, მით უმეტეს იმ ადამიანისთვის, ვინც სწავლობს ან უბრალოდ დაინტერესებულია სკანდინავიური ფილოლოგიით.
p.p.s. გამოყენებული ლიტერატურა: სინტია გრენერის სტატია.