Tuesday, December 25, 2012

ჯიმი კარტერი


 ბევრჯერ მიკამათია იმაზე, იყო    თუ არა ჰიტლერი კარგი ლიდერი მიუხედავად მისი ბოროტი ზრახვებისა და მომისმენია ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები. პირიქით თუ შევხედავთ ამ საკითხს, რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ კარგი ადამიანი იყოს ცუდი ლიდერი, უბრალოდ ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ სერიოზულად, სანამ ძალიან საინტერესო დოკუმენტურ ფილმს არ ვუყურე ჯიმი კარტერზე. 
ჯიმი კარტერი, ამერიკის 39-ე პრეზიდენტი დაიბადა 1924 წელს ჯორჯიის შტატში და იყო ყველანაირი დადებითი თვისებით შემკული ადამიანი (ამ შემთხვევაში წარსულში მოვიხსენიებ) - პატიოსნების განსახიერება, ინტელექტუალი, ღრმად მორწმუნე (ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით, თუკი ასეთი რამის წარმოდგენა საერთოდ არ აღემატება თქვენს შესაძლებლობებს :)). ფილმის პირველ ნაწილში აღწერილია განვლილი გზა თეთრ სახლამდე. ხალხი ძალიან აფასებდა კარტერს მისი ამ თვისებების გამო. აგრეთვე იმის გამოც, რომ კარტერი ძალიან უბრალოდ იქცეოდა და თავისი გუბერნატორობის თუ საპრეზიდენტო კამპანიის დროს უშუალო ურთიერთობა ჰქონდა ამომრჩეველთან, პირადად ხვდებოდა მათ, ესაუბრებოდა ქუჩაში, ხელს ართმევდა. მისი მეუღლე სახლებში სტუმრობდა სრულიად ჩვეულებრივ ადამიანებს. ჯიმი კარტერი მიწისთხილის მეურნეობაში იყო ჩაბმული, ჰყავდა სამაგალითო ოჯახი, იყო ცისფერთვალება და სიმპათიური (გემოვნების ამბავია). ერთი შეხედვით, პრეზიდენტობისთვის იდეალური კანდიდატი იყო და მოიპოვა კიდეც გამარჯვება, თუმცა რა მოხდა შემდეგ? რატომ ითვლება ჯიმი კარტერი ცუდ ლიდერად?
ჯიმი კარტერი ოჯახთან ერთად
ჯიმი კარტერს მემკვიდრეობით ერგო უოტერგეიტის სკანდალის შედეგად დემორალიზებული ქვეყანა (ფორდმა აშკარად ვერ მოახერხა სიტუაციის გამოსწორება). როგორც ფილმის მეორე ნაწილის ერთი გმირი ამბობს, ხალხმა კარტერისგან მიიღო ის მესიჯი, რომელიც სურდა - საპრეზიდენტო კანდიდატი მათ უოტერგეიტის და ვიეტნამის ჭრილობების მოშუშებას დაჰპირდა.
კარტერს ვერავნი დასწამებს, რომ კარგი განზრახვა არ ჰქონია - პირიქით, მაგრამ ის ძალიან გულიბრყვილო იყო როგორც საშინაო, ისე - საგარეო საქმეებში და სამყაროს ვარდისფერი სათვალით უყურებდა. უტრირებული ნათქვამია, მაგრამ ის თავისმა პატიოსნებამ და სიწმინდემ მიიყვანა ცუდ შედეგებამდე. როგორც მისი ყოფილი მრჩეველები იხსენებენ, როდესაც კარტერს რაღაცაზე ეუბნებოდნენ, რომ ეს მისთვის პოლიტიკურად მომგებიანი იქნებოდა, მას ამის გაგონებაც არ სურდა. მათი თქმით, კარტერს კრიზისული სიტუაციის განცდა ოდნავადაც არ ჰქონდა, არადა, არჩევიდან უკვე 9 თვეში მისი მოღვაწეობა ეკონომიკურმა და ენერგო-კრიზისმა გაართულა, თუმცა მთავარი წინ ელოდა - ირანელი ფუნდამენტალისტების მიერ ტყვედ აყვანილი 53 ამერიკელი. სწორედ ამ დროს დაისვა პირველად მწვავედ შეკითხვა, იყო თუ არა კარტერი ძლიერი, კომპეტენტური ლიდერი.
კრიზისი მძიმე იყო - შემცირდა ვაჭრობა, გაიზარდა ინფლაცია და უმუშევრობა, მნიშვნელოვნად გაძვირდა ბენზინპროდუქტები. კარტერი ხალხს სრული სერიოზულობით და ირონიის გარეშე მოუწოდებდა, ჩაეცვათ თბილი სვიტრები, ჩაეწიათ გამათბობლებისთვის და ასე დაეზოგათ ენერგია. ცხადია, ასეთი მოწოდება ხალხს აღიზიანებდა. ამას გარდა, მიუხედავად უამრავი რჩევისა, რომ შორს დაეჭირა თავი ახლო აღმოსავლეთისგან, კარტერი არ ეშვებოდა ამ საქმეს, დიდ დროს ხარჯავდა ამ თემაზე და მიაღწია კიდეც კემპ-დევიდის ხელშეკრულებას. ყველაფერს ეცადა, რომ ეს შეთანხმება შემდგარიყო. კარტერმა აგრეთვე დაამყარა ოფიციალური ურთიერთობები ჩინეთთან და შეხვდა ბრეჟნევსაც. 
სანამ პრეზიდენტი გარე-გარე დადიოდა (დაახლოებით ასეა ფილმში ნათქვამი), ხალხი აპროტესტებდა ბენზინის ფასებს და არამარტო. აშშ-ს მოქალაქეებმა დაიწყეს საუბარი, რომ კარტერი ძალიან კარგი, პატიოსანი, სასიამოვნო და რელიგიური ადამიანი იყო, თუმცა ვერ ართმევდა თავს მოვალეობას და როგორც ლიდერს, მას ვეღარ აღიქვამდნენ.
კარტერმა სერიოზულად დაიწყო ფიქრი სიტუაციის გამოსწორებაზე. მას ურჩიეს, ხანგრძლივი სიტყვით მიემართა ხალხისათვის და ბენზინის მაღალი ფასები ეკონომიკური კრიზისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე გადაებრალებინა, თუმცა თავისი პატიოსნებიდან გამომდინარე, კარტერმა ამაზე უარი თქვა. 
თეირანში ჯიმი კარტერის
საფრთხობელას წვავენ
ლიდერის სახის შესანარჩუნებლად ყველაზე კრიზისულ მომენტში მან კემპ-დევიდის აგარაკზე შეკრიბა პოლიტიკოსები, ფსიქოლოგები და ბიზნესმენები და სთხოვა მათ, როგორც ჩვენში იტყოდნენ, კონსტრუქციული კრიტიკა :) შეკრებილებმა ძირითადი აქცენტი იმაზე გააკეთეს, რომ პრეზიდენტს დეტალებზე დაწვრილმანება უყვარდა. ამის შემდეგ კარტერმა გააკეთა ყველაზე საკამათო მიმართვა, რაც კი მას ოდესმე გაუკეთებია. მან ხალხს განუცხადა, რომ ამერიკისთვის ყველაზე ფუნდამენტური საფრთხე იმ მომენტში იყო არა კონკრეტული რამ, არამედ რაღაც უხილავი - რწმენის კრიზისი. ეს იყო დიდი შეცდომა. როცა ხალხი გასაჭირშია და შენგან ხსნას მოელის, მას არ უნდა უთხრა: ”ჰეი, იცით, პრობლემა თქვენშია!”. ხალხს სრულიად ლოგიკურად დაებადა საპირისპირო ეჭვი - ”იქნებ პრობლემა თეთრ სახლშია?”.
ამ ყველაფერს თან სხვა უიღბლობებიც დაერთო. კარტერი მარათონის დროს წაიქცა - ეს სისუსტის ნიშნად მიიჩნიეს. ის კარიკატურების და ხუმრობების პერსონაჟადაც გადაიქცა. მისი ძმა კორუფციულ გარიგებაში გამოიჭირეს.
პარალელურად მიმდინარეობდა რევოლუცია ირანში, აიათოლა ჰომეინი სათავეში მოსასვლელად იბრძოდა. ამერიკელ მძევლებს კვლავ არ უშვებდნენ, წვავდნენ ამერიკის დროშებს, კარტერის სურათებს. კარტერს არ სურდა სისხლისღვრა და სამხედრო ოპერაციები, თუმცა როდესაც უკვე ყველაფერი სცადეს ტყვეების მშვიდობიანად გამოსახსნელად, მან დაასკვნა, რომ მხოლოდ დიპლომატიას ვეღარ დაეყრდნობოდა და გადაწყვიტა მოქმედება. დაიგეგმა ძალიან სარისკო ოპერაცია - უდაბნო 1, რომელის სრული კრახით დასრულდა. ამასობაში კვლავ დაიძაბა თითქოს მოგვარებული ურთიერთობები აშშ-სა და სსრკ-ს შორის.
ამ ყველაფერის შედეგი ის იყო, რომ მომდევნო არჩევნებზე დემოკრატებმა 28 წლის მანძილზე პირველად წააგეს. ჯიმი კარტერმა მხოლოდ 6 შტატში მოიგო და დამარცხდა რონალდ რეიგანთან, რომელიც ამერიკის (და არამარტო) ერთ-ერთ საუკეთესო ლიდერად ითვლება.
პრეზიდენტ კარტერს ჰქონდა მრავალი შესანიშნავი, ასევე - მრავალი მისი საქმიანობისთვის ხელისშემშლელი თვისება, როგორც ნებისმიერ ადამიანს აქვს სხვადასხვა დოზით. ამას გარდა, მისი საპრეზიდენტო ვადა მართლაც რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პერუიდს დაემთხვა, თუმცა იყო ქვეყნის პრეზიდენტი, განსაკუთრებით კი ისეთი სუპერსახელმწიფოს პრეზიდენტი, როგორიც აშშ-ა, უპირველეს ყოვლისა მოითხოვს ლიდერობის უნარს და სწორედ ასეთ დაძაბულ სიტუაციაში ეფექტიანი რეაგირების და მოქმედების უნარს. აქ მთავარია შედეგები, ხოლო კარტერის ადმინისტრაციის საქმიანობის შედეგები აშკარაა; ანდაც, შეიძლება ვთქვათ, რომ უშედეგობა - როგორც ერთ დროს ხუმრობდნენ, ”რას ერჩით პრეზიდენტ კარტერს, მას ხომ არაფერი გაუკეთებია?”


Monday, July 2, 2012

ჩემი ინტერესის სფერო

ჩემი დაინტერესება რაღაცით ძალიან ძნელია ისე, რომ მალევე არ დავკარგო ეს ინტერესი. როგორც ყველა ჭეშმარიტი ქართული ოჯახის შვილს, ბავშვობიდან მეც მატარებდნენ ფორტეპიანოზე,  ქართულ ცეკვაზე, სამეჯლისო ცეკვაზე, კიდევ სხვანაირ ცეკვაზე, სიმღერაზე, ფანდურზე, ხატვაზე, ჭადრაკზე, ათას სხვადასხვა წრეზე, ღრმა ბავშვობაში ცურვაზეც დავდიოდი, მაგრამ ბუნდოვნად მახსოვს. არაფერში არ ვივარგე. არა იმიტომ, რომ პოტენციალი არ მქონდა, უბრალოდ, ვერაფერს ვერ დავუჭირე "მუღამი". თავიდან ყველაფერი მომწონდა, ენთუზიაზმით ვიწყებდი და მერე უცებ მბეზრდებოდა (მოკლედ, ყოველთვის ისეთი ვიყავი, როგორიც ახლა ვარ).
მთელი 19 წელი ისე გავლიე, რომ ჰობი, როგორც ასეთი არ მქონია. შარშანწინ საჩხერის სამხედრო ბაზაზე საერთაშორისო კონკურსი ალიანტე 2010 ჩატარდა, რომელსაც როგორც ვეტერანი ალიანტელი, მოხალისის სტატუსით ვესწრებოდი.მონაწილეებისათვის ერთ-ერთი დავალება სპეციალურ კედელზე გაიმართა, რომელსაც რამოდენიმე მხარე აქვს: დაახლოებით 45 გრადუსით დახრილი ე.წ. ავსტრალიური კედელი, რომელზეც წამებში უნდა აერბინათ, 15 მეტრის სიმაღლის კარკასი, საიდანაც თოკით ეშვებოდნენ და ხელოვნური კლდე. როდესაც შეჯიბრი მორჩა, ჯარისკაცებმა მოხალისეებს და კოორდინატორებსაც შემოგვთავაზეს, გვეცადა. ავსტრალიური კედელი მოსაწყენი მეჩვენა და ჯერ 15 მეტრიდან დავეშვი, შემდეგ კი ხელოვნურ კლდეზე ავცოცდი. აქ შედგა ჩემი დებიუტი ამ დიდ სპორტში :))

საჩხერის სამთო მომზადების სკოლა
შემდეგ წელს ალიანტე ისევ საჩხერეში ტარდებოდა. უკვე მე-4 წელი იყო, რაც ამ კონკურსში ვიყავი ჩართული და კიდევ ერთხელ მონაწილეობა მეზარებოდა, მაგრამ ბესომ ტვინი გამიბურღა, თან ასაკის გამო მეტჯერ აღარ მომიწევდა და გადავწყვიტე, ერთხელაც და ბოლოჯერ ვყოფილიყავი ალიანტეს მონაწილე. რამოდენიმე ტურის გადალახვა და ფინალში გასვლა არ გაგვჭირვებია, როგორც უკვე გამოცდილებს. საჩხერეში წასვლის დღე ახლოვდებოდა და ბესომ მამცნო, რომ ვერის ბაღში არის კლდეზე ცოცვის დარბაზი, სადაც შეგვეძლო, ცოტა გვევარჯიშა და შეჯიბრზე ფორმაში ვყოფილიყავით. ერთი შეხდვით, ამ კედელზე აცოცება განსაკუთრებულ ფორმაში ყოფნას არ მოითხოვს, მაგრამ წინა წლიდან მახსოვდა, რომ საკმაოდ ბევრმა ვერ მოახერხა აძრომა და თანაც ყველაფერი დროზე იყო დამოკიდებული, ასე რომ, რაც უფრო სწრაფად შევძლებდით ამის გაკეთებას, მით უკეთესი იქნებოდა ჩვენთვის.

მივედით ვერის ბაღში, ჭადრაკის შენობის უკანა მხარეს განთავსებულ ალპურ კლუბში. პირველ დღეს ერთ კედელზე ავძვერი და ჭკუაზე არ ვიყავი. თავი მიშა ხერგიანი თუ არა, პადოშა მაინც მეგონა. ახლა რომ ვიხსენებ, მეცინება. მეორე მისვლაზე ვნახე, როგორ დაცოცავდნენ საქართველოს ნაკრების წევრი გოგოები და თავი სრულ არარაობად ვიგრძენი. გასახდელში შესვლაზე, გამოცვლაზე და ვარჯიშზე უარს ვაცხადებდი და ისევ და ისევ ბესოს რომ არ ეიძულებინა, არც არასდროს არ მივიდოდი იქ.
ყველაზე მარტივი კედელი

ნელ-ნელა ვისწავლე რაღაც-რაღაცები. საჩხერეში ძალიან გამოვიდე თავი და გოგოებს შორის საუკეთესო შედეგი მქონდა, მე და ბესო ერთად კი 25 გუნდს შორის მეორეზე ვიყავით. ერთხელ ალპურ კლუბში ვნახე, თუ როგორ ცდილობდა ნაკრების წევრი ტანდაბალი გოგო, მისგან საკმაოდ მაღლა დამაგრებულ "ზაცეპკას" მისწვდომოდა, ძალიან ლამაზი მოძრაობა გააკეთა, ახტა და მისწვდა. ეს საჭირო დროს და საჭირო ადგილას გამახსენდა, ანუ შეჯიბრზე. ზუსტად იგივე მოძრაობა გავაკეთე და გამომივიდა, თან ძალიან მაგრად. ჯარისკაცებმა ტაში დამიკრეს. ბესო სიხარულით გაგიჟდა. ეს მომენტი არასოდეს დამავიწყდება.

საჩხერიდან დაბრუნებულს წესით აღარ მჭირდებოდა ცოცვა, მაგრამ ვიგრძენი, რომ ცხოვრებაში პირველად რაღაცის რეგულარულად კეთების სურვილი გამიჩნდა (თუ არ ჩავთვლით რსრ-ს თამაშს). მივხვდი, რომ ალპურ კლუბში სიარული ძალიან მსიამოვნებდა. ყველაზე სასიამოვნო დაღლილობის შეგრძნება, რაც კი ოდესმე განმიცდია, კლუბში ვარჯიშიდან გამოსვლას უკავშირდება. ლუდს თუ დავაყოლებ-ხოლმე, ხომ საერთოდ ფანტასტიკის სფეროა.

მიუხედავად ამისა, მაინც მივატოვე ცოცვა. ივლისი იყო უკვე და საშინლად ცხელოდა. ასეთ დროს ვერაფერს ვერ ვაკეთებ ისე, როგორც საჭიროა. თან ვარჯიშის შემდეგ ორმაგად მცხელოდა ხოლმე. მერე დასასვენებლადაც წავედი და იდეაში, სექტემბრამდე გადავდე ჩემი სპორტული "კარიერის" გაგრძელება. ჩამოვედი თუ არა, მუშაობა დავიწყე. გამორიცხული იყო ცოცვაზე სიარული. საღამოს 5დან 11-მდე უნდა ვყოფილიყავი სამსახურში, 5-მდე კლუბში პატარა ბავშვები ვარჯიშობენ და მე არ შემიშვებდნენ. გული მწყდებოდა, მაგრამ სამსახურიც არ მეთმობოდა, სანამ უფროსობა მოუკრეფავში არ გადავიდა, საქმის საქმეზე დამატებას არ მოეშვა და რამოდენიმეჯერ 12-მდეც მომიწია ოფისში ყურყუტი. პარალელურად გადავწყვიტე, დაზღვევა, რომელშიც ამდენ ფულს ვიხდით, რამეში მაინც გამომეყენებინა და პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩავიტარე, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ პროლაქტინის (ერთი ვერაგი ჰორმონია) დონე მქონდა მომატებული და ექიმმა სხვა რაღაცებთან ერთად მირჩია, სპორტით დავკავებულიყავი. ეს ბოლო წვეთი იყო და ბედნიერი, სინდისდამშვიდებული წამოვედი სამსახურიდან. ხელფასზეც კი აღარ მწყდებოდა გული. ეს ახალი წლების პერიოდში მოხდა. ხალხი ჯერ კიდევ საახალწლო პახმელიებიდან არ იყო გამოსული, ალპურ კლუბს რომ მივადექი :დ და აქ დაიწყო აღმავლობის ხანა ჩემს სპორტულ "კარიერაში", რა თქმა უნდა, მოყვარულის დონეზე :))

ამჯერად პირველ მისვლაზე ისეთი საშინელი არ ვყოფილვარ, როგორც შარშან. მიუხედავად 6-თვიანი ჩავარდნისა, უცებ აღვიდგინე ყველაფერი, რასაც მაშინ ვაკეთებდი და კლდეზე ცოცვა გადაიქცა ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად. კვირაში 2-ჯერ დავიწყე სიარული. რომ დავდიოდი, იმ დღეებში უბედნიერესი ვიყავი და რომ არ დავდიოდი, იმ დღეებში ის მიხაროდა, ხვალ (ან ზეგ) მივდივარ-მეთქი.

ეს არის დიადი კარნიზი
ყველაზე მეტად რაც მომწონს ჩემს ამ საქმიანობაში, არის ის, რომ აბსოლუტურად ყოველ მისვლაზე პროგრესი მაქვს და ვაკეთებ ისეთ რაღაცას, რაც წინა ვარჯიშზე არ გამომდიოდა. ჯერ ჩვეულებრივ კედელზე ავდიოდი, მერე რელიეფზე, შემდეგ მინუსიანზე, ანუ დახრილზე და სხვ. კლუბში გვაქვს ერთი კედელი, სახელად "კარნიზი" :)). თავიდან ვერ წარმომედგინა, რომ ოდესმე შევძლებდი კარნიზზე ცოცვას. ადვილად რომ აგიხსნათ, წარმოიდგინეთ, ჭერზე რომ დაამაგროთ "ზაცეპკები" და ზედ იცოცოთ. ანუ არანაირი საყრდენი არ გაქვთ, მთლიანად ჩამოკიდებული ხართ ზედ. საკმაოდ რთულია, მაგრამ დაახლოებით 1-თვიანი წვალების შემდეგ შევძელი  და ძალიან გახარებული ვიყავი.

შემდეგი ამოცანა იყო ის, რასაც კლუბში კარნიზზე გამოსვლას უწოდებენ, ანუ ერთი ბოლოდან მეორეში გასვლას და თითქმის პერპენდიკულარულ, ზედა კედელზე აძვრომას. ამაზე მეტი დრო დამჭირდა, რადგან იმაზე მეტ ძალას მოითხოვდა, ვიდრე მე მქონდა, თანაც სპეციალური ფეხსაცმლის არქონა ძალიან მიშლის ხელს. ინსტრუქტორი გუგა ყოველ მისვლაზე მეკითხებოდა, "გამოხვედი კარნიზზე"-ო? ამ ფრაზის გაგონება უკვე ძალიან მრცხვენოდა, რადგან ვერა და ვერ გამოვდიოდი, მაგრამ აშკარა იყო, რომ ვპროგრესირებდი. ერთხელაც ავდექი, გამოვედი კარნიზზე და წითელ სამკუთხედზეც ჩამოვეკიდე სიმბოლურად :D :D :D  (გუგა მაინცდამაინც იმ დღეს არ იყო დარბაზში).

გამოვედი კარნიზზე!!
ჯერჯერობით აქაა შეწყვეტილი ჩემი წინსვლა, რადგან ზაფხულია, სიცხეში ყველაფერთან ერთად ვარჯიშიც მიჭირს, გამოცდები მაქვს, უნივერსიტეტს ვამთავრებ. ვაპირებ, სექტემბრიდან ისევ განვაახლო, ოღონდ არა ისე, შარშან როგორც მოხდა, ამჯერად ნამდვილად. სექტემბერში პირველ რამოდენიმე მისვლაზე აღვიდგენ ყველაფერს და შემდეგი მიზანი იქნება, ამ სამკუთხედზე თავდაყირა ჩამოკიდება :)) ბესომ უკვე მოახერხა და მე ხომ არ ჩამოვრჩები? :D :D  ბესო რამოდენიმეჯერ ვახსენე უკვე. ვინც არ იცის, ჩემი საუკეთესო "ბრატია" და შეიძლება თვითონ არ იცის ამის შესახებ, მაგრამ ჩემი მოტივატორია ბევრ საქმეში, მათ შორის, ცოცვაშიც (მიუხედავად იმისა, რომ როცა ამა თუ იმ ვარჯიშის შესრულებისკენ მითითებს, ვჯიუტობ). ცოცვამდე აუცილებელია გახურება და ხშირად ამ ნაწილს "ვახალტურებ", შედეგად, ხან რა მეჭიმება, ხან -რა.  ამას გარდა, აუცილებელია პრესები და სასურველია "ტურნიკი".

ასე გამოიყურება "სკალნი"
მოკლედ, ვარჯიშის დროს ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა ვფიქრობ,  პატარაობიდან რომ დამეწყო, ჩემგან რაღაც გამოვიდოდა. ამაში პირველ რიგში, აღნაგობა მიწყობს ხელს და  მონდომებაც დაემატებოდა. რამოდენიმეჯერ დედაჩემს ვუსაყვედურე, მუსიკა რომ მეზიზღებოდა და მაინც დამათრევდით, აქ რატომ არ მომიყვანეთ-მეთქი, მაგრამ სრულიად სამართლიანი და ადეკვატური პასუხი მივიღე, არც კი ვიცოდი, ჩვენთან ასეთი დარბაზი თუ იყო საერთოდო. მართალია, არც მე ვიცოდი და ალბათ არც ბევრმა თქვენთაგანმა. ახლა სისულელეა პროფესიონალ სპორტსმენობაზე ფიქრი, 21 წლის გავხდები საცაა, მაგრამ მოყვარული ვარ და ვიქნები, სანამ ცოცვა სიამოვნებას მომანიჭებს. შეჯიბრებაზე გამოსვლა შემიძლია. რა თქმა უნდა, ვერ მოვუგებ იმ გოგოებს, რომლებიც უკვე ამდენი ხანია დაცოცავენ, მაგრამ ისე, გამოცდილებისთვის და გასართობად კარგია, თუმცა ჯერ არ მაქვს სპეციალური ფეხსაცმელი, ე.წ. "სკალნები", რომლის გარეშეც შეჯიბრი სისულელეა. ჯერ კიდევ "ტაიგერებით" ვვარჯიშობ, რომელიც თავიდან სრულიად საკმარისი იყო, მაგრამ ახლა უკვე აღარ მაკმაყოფილებს და აშკარად მჭირდება სკალნები. ამისთვის დაახლოებით 150 ლარი მინდა და იმედი მაქვს, საშემოდგომოდ რამეს მოვახერხებ. 

ცოცვას რამოდენიმე პატარა მინუსიც აქვს, თუმცა მე ამას არაფრად ვაგდებ და ჩემს გარშემომყოფებს უფრო აწუხებთ:
          - ბებიაჩემის რეაქცია.  შარშან რომ გაიგო ცოცვაზე დავდიოდი, თავი გაიგიჟა, ეგ რა გოგოს საქმეაო. სულ არ მადარდებს, მაგრამ მეზარება პანიკების ატანა და ახლა არ იცის, რომ დავდივარ.
           - ქრონიკულად დალურჯებული მუხლები. აქაც ბებიაჩემია პრობლემა. ვერ ხვდება, რატომ ვგავარ ხოლმე წაქცეულს და ნაცემს. ვეუბნები, საწოლს მივარტყი, ამას მივარტყი, იმას მივარტყი-მეთქი, ბოლომდე არ სჯერა, მაგრამ ხომ იცის, რომ მართლა ნაცემი არ ვარ და ურჩევნია, დაიჯეროს. ისე, ზაფხულში ცოტა უხერხულია, კაბებს რომ ვიცვამ ხოლმე, მაგრამ ეგ არაფერი.
           - გადატყავებული ხელისგულები. მე არ მაწუხებს, მაგრამ ალბათ არაა სასიამოვნო, ნაზ გოგოს ხელს რომ ჩამოართმევ და მუშის ხელივით უხეში ხელისგული რომ შეგრჩება :დდ
         - არასერიოზული დამოკიდებულება. ეს მართლა მაღიზიანებს. როცა იგებენ, რომ ცოცვაზე დავდივარ, პირველი რეაქციაა: "შეეეეენ?". ხოო, მე, აბა ვინ? შემდეგ ჰგონიათ, რომ ეს ძალიან ადვილია. "უფ, მაგაზე აძრომას რა უნდა", "ეგ რა არის, ნამდვილ კლდეზე ცოცვაა საქმე", "სოფელში მეც დავცოცავდი ხეებზე" და ა.შ. ვინც ამას მეუბნება, ვეპატიჟები, მოვიდნენ დარბაზში და სცადონ, ვნახავ, როგორ გამოუვათ :) ბევრი "კუნთავიკი" მინახავს მოსული, ეგონათ, ახლა ამათ კლასს ვანახებთო, მაგრამ პირველი აცოცება ყველაზე მარტივ კედელზე, მაჯების დაჭიმვა, უკან ჩამოსასვლელი გზის ვერმონახვა, ჩამოხტომა და მაშინვე ყველას უკან მიაქვს სიტყვები. ასე რომ, მეგობრებო, ეს არაა ადვილი საქმე :))

ამდენის წერას არ ვაპირებდი, მაგრამ მოიტანა.
ბოლოს, ჩემი უსაყვარლესი თემატური ვიდეო 4 ამერიკელ სპორტსმენზე. მათ შორის არის საშა დიჯულიანი, ძალიან მაგარი გოგო, ამერიკის და მსოფლიო ჩემპიონი <3
კარგი ვიდეოა და ვფიქრობ, მოგეწონებათ.




„დევიდ გეილის ცხოვრება“ ანუ რას დათმობდით თქვენი უზენაესი იდეალისთვის?

 ჩემი პოსტი ბლოგიდან http://democracyandcitizenship.blogspot.com/
 ბოლოში ცოტა გავუტიე სისულელეები :)))))

ყველა ადამიანს მეტ-ნაკლებად რაღაც იდეალები გვამოძრავებს. რას დათმობდით თქვენი უზენაესი იდეალისთვის? დროს? კარიერას? ოჯახს? სიცოცხლეზე რას იტყვით?
უნდა გამოვტყდე, რომ ფილმების ყურება არ მიყვარს. თუ მაინც დავიწყებ, პარალელურად ათას საქმეს ვაკეთებ და ფილმს ასჯერ ვახვევ, რომ მალე დამთავრდეს. იმ დღესაც 304-ე აუდიტორიაში მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით გამოვცხადდი, რადგან პარასკევობით კინოჩვენებები კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ ნაწილია. „დევიდ გეილის ცხოვრების“ ყურების დროსაც მინდოდა, გადამეხვია. აუტანელი სურვილი მქონდა, მაუსი გამემოძრავებინა და დამენახა, რამდენი წუთი იყო დარჩენილი, თუმცა არა იმიტომ, რომ ფილმი მოსაწყენი იყო, უბრალოდ, ასე ვარ მიჩვეული.

ეს ფილმი  სიკვდილით დასჯის თემაზეა. დევიდ გეილი, რომელსაც კევინ სპეისი ანსახიერებს, სიკვდილმისჯილი პატიმარია და აღსასრულს ტეხასში ელოდება. ტეხასი იმ 33 შტატთაგან ერთ-ერთია, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს. თავად დეილი მსგავსი სასჯელის მოწინააღმდეგეა და მოვლენების ირონიული განვითარების შედეგად აღმოჩნდება მსჯავდებულის სკამზე. მას ბრალად მისი თანამოაზრე ქალის მკვლელობა ედება, რომელიც ასევე სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ იბრძოდა. ამ საქმით ახალგაზრდა ჟურნალისტი, ბითსი ბუმია (ქეით უინსლეტი) დაინტერესებული. ბითსი დევიდის მონათხრობით რწმუნდება, რომ ის უდანაშაულოა და მის გადარჩენას ცდილობს, თუმცა ბოლო მომენტში ბედ-იღბალი (უფრო სწორად, მანქანა) უმტყუნებს და დევიდ გეილს სიკვდილით სჯიან.


ფინალი საოცარია. ისედაც საკმარისად „დაგასპოილერეთ“ და არ გეტყვით, ზუსტად როგორ სრულდება ფილმი, მაგრამ გეტყვით, რომ გაორებული ვიყავი. ერთის მხრივ, აღვფრთოვანდი, მეორეს მხრივ კი თავი მოტყუებულად ვიგრძენი, რაც არ მომეწონა. აღფრთოვანება რომ დევიდისა და მისი თანამოაზრის სიმამაცემ გამოიწვია და კიდევ იმან, რომ მათმა მცდელობამ რაღაც შედეგი მაინც გამოიღო, ხოლო რაც შეეხება საპირისპირო გრძნობას, მოვიშველიებ კინოკრიტიკოს როჯერ ებერტის მოსაზრებას ამ ფილმის შესახებ „დარწმუნებული ვარ, ამ ფილმის ავტორებს სჯერათ, რომ ფილმი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგაა. მე მჯერა, რომ ის პირიქით, მხარს უჭერს სიკვდილით დასჯას და ახდენს ასეთი სასჯელის ოპონენტების დისკრედიტაციას, როგორც უპრინციპო თაღლითებისას.“ არ მომეწონა აგრეთვე ფილმის ისეთი დეტალები, როგორებიც იყო მოქმედი გმირების არაადეკვატური რეაქციები სხვადასხვა მოვლენებზე, მაგალითად, იმაზე, რომ მათ მთელი ფილმის განმავლობაში ვიღაც უთვალთვალებდათ და მანქანის გაფუჭების სცენა, რამაც ძალიან იაფფასიანი გახადა ყველაფერი.

ეს პირველი განცდა იყო. უფრო საფუძვლიანად გაანალიზება მოგვიანებით ვცადე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ თუ ადამიანი ყოყმანობს, მხარი დაუჭიროს თუ არა სიკვდილით დასჯას, ამ ფილმის ყურების შემდეგ დიდად სავარაუდოა, რომ არა-სკენ გადაიხაროს. მას, ვინც საპატიმროს შეხვედრების ოთახში  შუშის მიღმა ზის, არავინ უყურებს, როგორც ადამიანს, არამედ - როგორც მკვლელსა და მოძალადეს, რომელსაც სამი დღე დარჩენია სიკვდილამდე, მაგრამ რა გრძნობა უნდა დაეუფლოს საზოგადოებას, თუ გაირკვა, რომ ეს ადამიანი უდანაშაულოა? როგორც მემარჯვენე იდეების მომხრეს, ყოველთვის მეცინება, როცა ყველაფერში სისტემას ადანაშაულებენ, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როცა მეც ანტაგონიზმით განვეწყვე მის მიმართ.

როგორც აღვნიშნე, ფილმში მოქმედება ტეხასში მიმდინარეობს. როცა ჯორჯ ბუში უმცროსი ტეხასის გუბერნატორი იყო, მან განაცხადა, რომ თითოეული სიკვდილმისჯილის საქმეს დაწვრილებით და გულმოდგინედ განიხვილავდა, როცა, რეალურად, თითო საქმეზე ის 15 წუთზე მეტს არ ხარჯავდა.  საინტერესოა, ამ მცირე 15 წუთიდან რამდენს უთმობდა ის საქმის გაცნობას და რამდენს - ყავის სმას? ადამიანის სიცოცხლის მოსპობა არ უნდა იყოს ასე ადვილი.  მართალია, მოსაზრება, რომ ადამიანს არ აქვს უფლება, სხვას წაართვას ის, რაც მას არ უბოძებია მისთვის, სოფისტური ლოგიკის ნიმუშია, თუმცა ვფიქრობ, სიკვდილით დასჯის თემას კარგად მიესადაგება, მითუმეტეს, თუ ეს წასართმევი „რაღაც“ სიცოცხლეა. არავინ არის დაზღვეული, რომ სიკვდილმისჯილი უდანაშაულო აღმოჩნდეს და მსგავსი ფაქტები უხვადაა, ამიტომ დაფიქრება გვმართებს, სანამ ვიტვყით, რომ სასიკვდილო განაჩენს ვემხრობით. 

უბადრუკი, პატრონისგან მიტოვებული და ბლოგის არამსგავსი ბლოგი

რამ მაიძულა შემოსვლა და დაპოსტვა? ის უიშვიათესი მომენტი მაქვს, როცა წერა მინდა. კარგად მაინც ვწერდე, ამ მოკლე დროში მივაყრიდი და რამდენსაც მოვასწრებდი, კარგ და სასიამოვნო წასაკითხ პოსტებს დავწერდი, მაგრამ არა!  ამასაც თუ დავწერდი, ჩემთვის, თორემ ვინ კითხულობს აბა ამ "ბლოგს" :D. გარდა ამისა, არის რაღაცები, რისი ზეგავლენის ქვეშაც ვექცევი ხოლმე და ამანაც მომანდომებინა, რომ ცოტა ხელი გამენძრია. ახლაც ბევრი იდეები კი არ მაქვს. ერთ პოსტს გადმოვაკოპირებ სხვა ბლოგიდან, რომელშიც ფილმი მიმოვიხილე (ოღჩ, ჯერ ისაა გასაკვირი, ფილმს რომ ვუყურე, და მერე კიდევ - მიმოვიხილე!), ერთს დავწერ 2 "პრასვეტზე", რომელიც ამ მომენტში მაქვს და ერთიც დრაფტებში რომ მიგდია, და რომელშიც ჩემს ჰობიზე ვსაუბრობ, თავს ვაიძულებ, როგორმე დავამთავრო.
ხვალ ყველაზე სასტიკი გამოცდა მაქვს. პლიუს ამას, საბაკალავროს დედლაინი მომდგომია კარს და წესით ამისთვის არ უნდა მეცალოს, მაგრამ კიდევ რომ გადამედო, აღარასოდეს შემოვადგამდი ალბათ აქ ფეხს.

P.S. რიგაზე რა კოშმარი პოსტი დამიწერია, თვალებს არ ვუჯერებ. დაე იყოს, არ წავშლი.